მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-04-26
ვინ ჩაიგდო ხელში 4500 დოლარად წინანდლის ცნობილი ღვინის ქარხნები და ვის აბრალებს ამ ცოდვას "რუსთავი-2" ანუ უზნეო ჟურნალისტიკაც ისე ღუპავს ქვეყანას, როგორც ეს საშინელი კორუფცია

სწორედ ასეთი ქვეყნის დამაქცევარი უზნეო ჟურნალისტიკის კიდევ ერთი მაგალითი შესთავაზა მაყურებელს "რუსთავი-2"-მა 31 მარტს თავისი ყბადაღებული პროგრამით "სამოცი წუთი", რომლის ყოველი წუთი ცრუბრალდებებითა და ტყუილებით იყო გაჯერებული.

- ქარხანა ორჯერ იყიდეს, ორჯერვე წაართვეს ხალხს და თანაც ფული არ დაუბრუნესო უკან, - ასე დაიწყო გადაცემა აკაკი გოგიჩაიშვილმა და სიცრუეზე აგებული სიუჟეტებით ასე ფხანა და ფხანა ქეცმოკიდებული გული ხელისუფლების და ხალხის ქონების ხელში ჩაგდების ჟინით ატანილ მავანს და მავანს თავისი ვითომ "ჟურნალისტური გამოძიებით" ნინო ზურიაშვილმა. ქვეყნის ნამდვილ გულშემატკივარ ადამიანებს, საზოგადოების ფართო ფენებს, ათასობით პატიოსან ტელემაყურებელს კი კიდევ ერთხელ ჩააწვეთა უიმედობის, ნიჰილიზმის შხამი, ყველაფერზე ხელს რომ ჩააქნევინებს კაცს, არაფრის რწმენა რომ აღარ გრჩება, აღარავისი და აღარაფრის რომ აღარ გჯერა. გადაცემა წინანდლის ღვინის ქარხნებს მიეძღვნა, უფრო სწორად - "პრეზიდენტის ფავორიტების" განქიქებას წინანდლის ღვინის ქარხნის ფონზე. ვიდრე ამ გადაცემის სიყალბეზე მოგახსენებდეთ, ჯერ მოკლედ ვიტყვით, რა საგანძურზეა ლაპარაკი, რუსთავორელები უბრალოდ "ქარხნად" რომ მოიხსენიებენ.დსაქართველოში ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც არ იცოდეს წინანდლის შესახებ. "წინანდალი" - საქართველოში უძველესი ღვინის ქარხანაა, რომელიც ალ.ჭავჭავაძემ დააარსა თავის მამულში. საწარმოო სახე ქარხანამ 1886 წელს მიიღო. ღვინო "წინანდალს" მიღებული აქვს ყველაზე მეტი ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები მსოფლიო დეგუსტაციებზე თეთრ ღვინოებს შორის. იგი აღიარებულია მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართულ თეთრ ღვინოდ. აქ წლების მანძილზე იზრდებოდა მეღვინეების თაობები და ეს ქარხანა ითვლებოდა ქართული მეღვინეობის ერთგვარ სიმბოლოდ. აქ დაცულია 1814 წლიდან დღემდე უნიკალური ძველი ღვინოების კოლექცია - ენოთეკა 16.500 ბოთლით. ამ კოლექციის 500-მდე ბოთლი XIX საუკუნისაა და წარმოადგენს მეღვინეობის უნიკალურ ეგზემპლარებს.

წინანდალი - ღვინის ქარხნები, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მიმდებარე დეკორატიული ბაღი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული კომპლექსია, ხალხის ფასდაუდებელი საუნჯეა, რომელსაც სახელმწიფო იცავს. დღეს ამ ორგანიზაციას, ამ კომპლექსს - "წინანდალი - საქართველოს ღვინის საგანძური" ეწოდება და შედის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის დაქვემდებარებაში.

აი, ეს საგანძური ჩაიგდო ხელში საბუთების გაყალბების გზით 4500 დოლარად ამ 10 წლის წინ მისმა ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და ახლა უკვე პერმანენტულმა მომჩივანმა თამაზ ხიდაშელმა. არადა, მართლა უნდა იყო თამაზ ხიდაშელი ან ისინი, ვინც ხელს უწყობდა და ახლაც ეხმარება ამ განდიდების თუ გამდიდრების მანიით შეპყრობილ ადამიანს, რომ ქარხნები, სადაც მარტო ნაშთის სახით 7 მილიონი ლიტრი ღვინო, კონიაკი და საკონიაკე სპირტი, ფასდაუდებელი სიმდიდრე-ენოთიკა, სხვა საბრუნავი საშუალებები და ფასეულობები იყო, 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტურ კუპონებად და ლარებად დაისაკუთრო. ასეთი საკუთრების მოწმობა კი გასცა ქონების მართვის სამინისტროს მაშინდელმა მინისტრმა ა.სილაგაძემ. ამ ფასად ეგრეთწოდებული "ბუტკები" და "კიოსკები" იყიდება და განა გასაკვირი იყო, რომ "წინანდლის საგანძურის" ასე გაყიდვა გახდა კიდეც განსჯის საგანი ოღონდ არა პრეზიდენტისა და მისი ფავორიტებისა, როგორც ამას "სამოცი წუთი" ირწმუნება, არამედ უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლოსი. სწორედ საარბიტრაჟო სასამართლომ გაუუქმა თ.ხიდაშელს გაყალბებული საბუთების საფუძველზე პრივატიზაციის სამინისტროს მაშინდელი მინისტრის ა.სილაგაძის მიერ გაცემული კერძო საკუთრების მოწმობა. ხაზგასასმელია, რომ ყველაფერი ეს მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თელავის რაიონის გამგებელი იყო თამაზ ხიდაშელის უფროსი ძმა მერაბ ხიდაშელი. მაშინ გააყალბა საბუთები უმცროსმა ძმამ თამაზ ხიდაშელმა, მაშინ უჩივლა ამის გამო სასამართლოში მაშინდელი აგროსამრეწველო გაერთიანების უფროსმა ლევან სასურქინაშვილმა, მაშინ გასცა უარყოფითი დასკვნა ამ საკითხზე ქონების მართვის რაიონულმა სამმართველომ და მაშინ გააუქმა ქარხნის პირველი ყიდვა უმაღლესმა საარბიტრაჟო სასამართლომ. პრეზიდენტი და ქალბატონი მედეა აქ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არიან, მაშინ ქალბატონი მედეა მეზვრიშვილი თელავში არ მუშაობდა და არც არავინ იცოდა, რომ მას თელავში დააბრუნებენ. იცის ეს კარგად, ძალიან კარგად თამაზ ხიდაშელმა, მაგრამ თავი წამებულად ხომ უნდა წარმოაჩენინოს რუსთავორელებს, რომლებიც სრულებითაც არ ჩანან ისეთი გულუბრყვილოები, რომ ტყუილი და მართალი ვერ გაერჩიათ ერთმანეთისგან, ვერ დაენახათ, რომ პირველი პრივატიზაცია პრეზიდენტმა და მისმა ფავორიტებმა კი არ გააუქმეს, არამედ უმაღლესმა საარბიტრაჟო სასამართლომ. ამ თემაზე თამაზ ხიდაშელის წინააღმდეგ იმდენი მაკომპრომენტირებელი მასალა არსებობს, რომ ერთ წერილში მათი მოტანა შეუძლებელია. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ამ მასალებს. პირველ რიგში, ჟურნალისტური გამოკვლევის ავტორი ნინო ზურიაშვილი უნდა გასცნობოდა მას საფუძვლიანად, გულდასმით თუ ის აშკარა დაკვეთით არ მუშაობდა და თვალში ნაცრის შეყრას არ ცდილობდა ვიღაცის ინტერესების დასაცავად, ვიღაცის წისქვილზე წყლის დასასხმელად.

ახლა იმის შესახებ, როგორ გაუქმდა მეორე გამოსყიდვა: წინანდლის ღვინის ქარხნის მეორე გაყიდვა პრეზიდენტის ბრძანებულებით გაუქმდა. ამ ბრძანებულების კანონიერებაზე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ და იგი სწორად სცნო. იმის გამო, რომ ჩვენ სავსებით ვეთანხმებით უნიკალური წინანდლის ღვინის ქარხნის (თავისი დიდი ისტორიით, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმით, მიმდებარე უნიკალური დეკორატიული ბაღით და ყველა მისი შემადგენელი ნაწილით) ისტორიულ-კულტურულ კომპლექსად აღიარებას და მისთვის საქართველოს ღვინის საგანძურის წოდების მინიჭებას და, რაც ყველაზე მთავარია, იმის გამოც, რომ ჩვენ პატივს ვცევმთ საქართველოს კანონებს, საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება, ამ თემაზე საუბარს ამით ვამთავრებთ. გავიმეორებთ კი: საკონსტიტუციო სასამართლომ სწორად სცნო პრეზიდენტის ბრძანებულება წინანდლის ღვინის ქარხნის მეორედ გაყიდვის გაუქმების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეილება კი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

დეპუტატ კემულარიას კაცურ სინდისზე იყოს განცხადება იმის შესახებ, მედეა მეზვრიშვილს და მის მახლობლებს უნდოდათო წინანდლის ღვინის ქარხნის ყიდვა, რადგან მთელმა ქვეყანამ იცის, მედეა მეზვრიშვილს კი არ უნდოდა წინანდალი თავისი ახლობლებისათვის, არამედ ქვეყნის საკუთრებად უნდოდა დარჩენილიყო იგი და დარჩა კიდეც!

"საუფლისწულო მამულების" მესაკუთრე, რომ ვერ გახდა, გაწიწმატებული თამაზ ხიდაშელი სად აღარ ჩივის, ვის აღარ მიმართავს, რომ წამებულად წარმოაჩინოს თავი. რა ცილს არ სწამებს უდანაშაულო ადამიანებს, რა ხრიკებს, რა უკადრის საქციელს აღარ კადრულობს. ყოველივეს ჩამოთვლა შეუძლებელია და არც მკითხველის ყურადღებას გადავღლით. მარტო ერთ ფაქტს გავიხსენებთ თამაზ ხიდაშელის წინანდლის ღვინის ქარხანაში მუშაობის 5 წლის ისტორიიდან, რომელიც სავსეა დაუთვლელი პიკანტური, არასამართლებრივი, დანაშაულებრივი ამბებით, რომლებიც უცხო, მიუღებელი და რეპუტაციის შემლახველია ყველა ქარხნისათვის და მითუმეტეს, წინანდლისათვის - საქართველოს ღვინის საგანძურისათვის, რომელმაც ძვირფას მემკვიდრეობად მარტო წარჩინებული ღვინოების დამზადება კი არა, ოდით და ოდით ჭავჭავაძეებისაგან დარბაისლობა და არისტოკრატიულობა მიიღეს.თამაზ ხიდაშელის ამ ერთ თავგადასავალს ჩვენ დეპუტატ კემულარიას გასაგონადაც გამოვიტანთ სამზეოზე და თუ იგი მართლაა დაინტერესებულია სიმართლით და ისიც თვალებში ნაცრის შეყრას არ ცდილობს, იქნებ ჩვენს მიერ ქვემოთ აქ მოტანილი ფაქტი შეისწავლოს და გახადოს განსჯის საგნად, მით უმეტეს, რომ მარტო ამ ერთი ოპერაციით თამაზ ხიდაშელმა წინანდლის ღვინის ქარხანას ასობით ათასი ამერიკული დოლარის ზარალი მიაყენა.

მაშ ასე: 10 ვაგონ-ცისტერნის საქმე:

1994 წლის ოქტომბერში რკინიგზის სადგურ მუკუზანში დააკავეს "წინანდლიდან" უსაბუთოდ გასული 10 ვაგონ-ცისტერნა დატვირთული ღვინო-მასალებით და საკონიაკე სპირტით. ამ საქმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამავე დროიდან დირექტორმა თ.ხიდაშელმა თვითნებურად მიატოვა ქარხანა და თან წაიღო ბეჭედი და შტამპი. თანამშრომლები თვეების მანძილზე დატოვა უხელფასოდ და ქარხანას შეუქმნა ფინანსური სიძნელეები. უშედეგო აღმოჩნდა ქარხნის კოლექტივის მიერ გატარებული ღონისძიებები ბეჭედისა და შტამპის უკან დასაბრუნებლად და იძულებული გახდნენ თავიდან დაემზადებინათ ისინი. 10 ვაგონ-ცისტერნა ღვინო და სპირტი დაიტაცეს, ცისტერნებში წყალი ჩაასხეს და ისე დაუბრუნეს პატრონს. გამოძიება ამ საქმეზე დიდხანს მიდიოდა სასამართლო-პროკურატურის ორგანოებში. წლების მანძილზე გაწელილი ეს საქმე ბოლოს კახეთის სამხარეო პროკურატურაში შეწყდა საეჭვო და დაუსაბუთებელ გარემოებაში. მართალია, სამხარეო პროკურატურამ თამაზ ხიდაშელს წარუდგინა ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და დაუდევრობისათვის, მაგრამ საბოლოოდ საქმის წარმოება შეწყვეტილ იქნა, როგორც ზემოთაც ვთქვით.

მარტო ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი ამ აქტებითაც რომ დაინტერესდნენ რუსთავორელები და დეპუტატი კემულარია, ღრმად დარწმუნებული ვართ, კარგად დაინახავენ ვინ არის თამაზ ხიდაშელი და აღარც ის გაუკუირდებათ თუ ვინმე მას მაფიოზურ კლანში მოიაზრებდა.

- ქარხანა ორჯერ იყიდეს და ორჯერვე წაართვესო ხალხს, - ტყუილად ბრძანებს გოგიჩაიშვილი, რადგან ხალხს კი არ წაართვეს, ხალხს დაუბრუნეს ქარხანა.

რაც შეეხება ფულის უკან დაბრუნებას. წინანდლის ღვინის ქარხანაში ინახება ყველა საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ ყველა თანამშრომელს მიღებული აქვს უკან გადახდილი თანხა, გარდა თავად თამაზ ხიდაშელისა, მისი ვაჟისა და პირადი მძღოლისა. სამივეს მიერ შეტანილი ეს თანხა 680 ლარს შეადგენს და არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი მეპატრონენი უკან აღარ იღებენ ამ თანხას, რაში გვჭირდება ეგ გროშებიო. რაც შეეხება მეორე აუქციონს, აქაც აბსოლუტურად ყველა აუქციონერს, მათ შორის თამაზ ხიდაშელს და მის ახლობლებსაც სრულიად აქვთ მიღებული თანხებიც და ვაუჩერებიც, გარდა სპეციალიზირებულ აუქციონზე მის მიერ შეტანილი 5168 ვაუჩერისა. ამის შესახებაც უკვე იმსჯელა საოლქო სასამართლომ და ქონების მართვის სამინისტროს დაეკისრა ამ თანხის ანაზღაურება - 37500 ლარი და არა 741000 აშშ დოლარი, როგორც ამას თხოულობდა თამაზ ხიდაშელი. ასე რომ, არც ხიდაშელს და არც არავის ერთი თეთრიც კი არ დაუკარგავთ, რაც შეიტანეს, ის გამოიტანეს ამ აუქციონიდან. საკვირველი ის არის, რომ შეტანილი ბევრი ეჩვენებათ, იგივე უკან დაბრუნებული "საცოდავ გროშებად". სინამდვილეში ეს მართლაც იყო საცოდავი გროშები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული კომპლექსის გამოსასყიდად, რომლის ღირებულება ათეულობით მილიონი დოლარითაც ვერ აიწონ-გაიზომება და თუ მართლა შენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე ხარ, არ უნდა იკადრო ისეთი უკადრებელი საქციელი, საბუთების გაყალბებით მუქთად ჩაიგდო ხელში ხალხის სიმდიდრე.

"60 წუთში" ანალოგიური სურათია სიუჟეტებში, რომლებსაც ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი გვთავაზობს ორი წინანდლელი მამაკაცისგან და სამი ქალბატონისგან აღებული ინტერვიუს დროს. ვინ არიან ისინი და რა სიმართლეს ლაპარაკობენ:

ოთარ ჩიკვაიძე - თან ვენახს აკავებს, თან თავის გაჭირვებაზე წუწუნებს,მას წინანდლის ღვინის ქარხნის გამოსასყიდად 702 ლარი და 45 ვაუჩერი აქვს შეტანილი. უკან სრულად დაუბრუნდა ყველაფერი, რასაც ხელის მოწერით ადასტურებს. მის გაჭირვებულობაზე კი მკითხველმა თავად გააკეთოს დასკვნა, როცა ვიტყვით, რომ ვენახშიც კი "მერსედესით" დაბრძანდება.

ბიძინა მესხიშვილი - პირველ აუქციონზე 17 ლარი აქვს შეტანილი და უკან გამოტანილი, მეორე აუქციონში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ღმერთმამეტი მისცეს მის ოჯახს და ყველა ქართულ ოჯახს, მაგრამ ძალაუნებურად იბადება კითხვა, როცა "ოპელით" დაბრძანდებით, ორი "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომანქანას, კერძო მაღაზიებს და სხვა ქონებას ფლობთ, თქვე დალოცვილებო, როგორღა ემდურით ამ პრეზიდენტს და ამ მთავრობას - გაგვწირა, გაგვაღატაკაო. თქვენი მამა-პაპაც "ოპელებითა" და "მერსედესებით" დადიოდნენ და საკუთარი მაღაზიები ჰქონდათ?

ეთერ თანდილაშვილი - ძროხები და ღორები დავყიდეთ და ღვინის ქარხნის გამოსასყიდად შევიტანეთო, რომ ბრძანებს, 16 ლარი და 1 ვაუჩერი აქვს შეტანილი და ისიც უკან გამოტანილი. ხომ ძალიან დაუჯერებელია, რომ 16 ლარისა და 1 ვაუჩერის შესატანად ძროხა და ღორი გაყიდოს ვინმემ?

გავაშელიძე რუსუდანი - შავტანსაცმლიანი ქალბატონი თავგანწირული, რომ გაჰკივის და ქრისტეს ტირილი იდგაო, რომ ბრძანებს - მასაც 16 ლარი და 2 ვაუჩერი აქვს შეტანილი და ისიც უკლებლად უკან გამოტანილი.

წინანდალი, როგორც ვთქვით და როგორც ყველამ იცის, დიდი ტრადიციების სოფელია, თავისი მართლაც გამორჩეული წინანდლელობით და, მადლობა ღმერთს, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი 3 ქალბატონი და ორი მამაკაცი აღმოაჩინეს სამოცწუთელებმა, რომლებსაც ასე ურცხვად შეუძლიათ ილაპარაკონ ათასი ტყუილი და სიბინძურე.

ვინც "რუსთვავი-2"-ის ამ გადაცემას უყურა, აუცილებლად დაამახსოვრდებოდა ის კადრები, სადაც ქალები წივილ-კივილით დარბიან, გალავანზე ხტებიან, შეურაცხმყოფელ სიტყებს გაჰკივიან: მწვადებზე გასაძღომად წავიდნენო. მთელმა წინანდალმა იცის, რომ როცა თ.ხიდაშელის დაქირავებულნი ამ კონცერტებს დგამდნენ ქუჩაში, ბატონი ირაკლი ანდრიაძე და ქარხნის მთელი კოლექტივი რაიონის ხელმძღვანელ მუშაკებთან ერთად სწორედ პირველი პრივატიზაციის შესახებ მსჯელობდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე იყო, რომ ყოფილი რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ახლა დეპუტატმა გივი ბეციაშვილმა და მაშინდელმა რაიონის პროკურორმა დავით ანდრიაშვილმა საბუთების გაყალბებაში ამხილეს თამაზ ხიდაშელი. როგორც კი ფაქტების წინაშე აღმოჩნდა, თამაზ ხიდაშელმა იმ წუთას დაავლო ხელი თავის საჩივრებით გატენილ საქაღალდეს, მშიშარა კურდღელივით გამოიქცა შეკრებიდან და თავის მოწიოკე მხარდამჭერებს შეუერთდა ქუჩაში. აქვე ვიტყვით, რომ ბატონ ირაკლი ანდრიაძესაც და მის მოადგილეებსაც არაერთხელ მიუღიათ წინანდლელები, ვისაც რამე პრეტენზია ჰქონდა, ან გაურკვეველი იყო ამა თუ იმ საკითში. ბევრი წამოსულა მიღებული ინფორმაციით კმაყოფილი, მაგრამ ხიდაშელივით ანიჟებულ ადამიანს რა დალევს ქვეყანაზე, ასეთ ადამიანებზეა ნათქვამი - რიყეზე ქვას ვერ დაინახავსო. ეტყობა, ასეთებს ეძებს "რუსთავი-2" და პოულობს კიდეც. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, არსად დაგეკარგოთ. სამწუხარო ის არის, რომ ხალხის ფსიქიკაზე მუშაობს ასეთი გადაცემა, ხალხი ზარალდება, ადამიანებს რწმენა ეკარგებათ, ტყუილ-მართლის გარჩევით იღლება...

ისევ ფაქტებს დავუბრუნდეთ: მტკნარი სიცრუეა ისიც, რომ ხიდაშელი ბრძანებს - საარბიტრაჟო სასამართლოში მედეა მეზვრიშვილმა მიჩივლაო. საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეტანილია გენერალური პროკურორის მაშინდელი მოადგილის ალ.შუშანაშვილის მიერ და ჟურნალისტურ გამომძებელს შეეძლო ეს საბუთიც ენახა და პირზე რაც მოადგება მის დამკვეთს, ის არ ალაპარაკოს, რატომ აუფასურებთ ასეთი ტყუილებით თქვენს ეკრანს, ხალხო, რაღა უნდა ირწმუნოს ხალხმა, როგორ გაიგოს ტყუილი და მართალი?!

სიუჟეტში ისიც ითქვა, რომ გლეხებისგან აღებული სესხით შეისყიდა ქარხანამ ყურძენი, თანაც ეს "სიბრძნე" ქარხნის გენერალურ დირექტორს ბატონ პაატა გიორგობიანს მიაწერეს. ესეც კიდევ ერთი აბსურდული ბრძანებაა! სესხი მარტო წინანდლის ღვინის ქარხანამ კი არა, თითქმის ყველა ქარხანამ აიღო აგრომრეწვბანკიდან. ამ სესხმა დააზარალა ყველა ღვინის ქარხანა და ისინი თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა, იმ დიდი უბედურების გამო, რომელსაც ფალსიფიკაცია ჰქვია სახელად და რომლის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ჯერაც უნაყოფოდ იბრძვის ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ ავადსახსენებელი ფალსიფიკაციის გამო ვერცერთმა ქარხანამ ვერ შეძლო ღვინოების რეალიზაცია, ვერ დაფარა ვალები და ზოგიერთ ქარხანას სხვა მეპატრონეც კი გაუჩნდა ამის გამო (კურდღელაურის, იყალთოს, თვით აჩინებულის ღვინის ქარხანაც ასე გახდა ჯივიესის საკუთრება). დღემდე ამ სესხების გამო ვალში იხრჩობა ნაფარეულის და აკურის ღვინის ქარხნები. ამ სესხების ხარჯვის სისწორე ხიდაშელის საჩივრების საფუძველზე რამდენჯერმე შეამოწმა სხვადასხვა ადმინისტარციულმა და მაკონტროლებელმა ორგანიზაციებმა და არცერთი თეთრი არ აღმოჩენილა არამიზნობრივად გახარჯული. ამ სესხების გამო გაიყიდა წინანდლის ღვინის ქარხნიდან დაყადაღებული ცისტერნებიც, ოღონდ არა ქარხნის ხელმძღვანელობის მიერ, როგორც ეს სამოც წუთშია ნაჩვენები, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროს სააღმსრულებლო ბიუროს მიერ იძულების წესით. გამონგრეული კედლებიც, რომლის აფიშირებას ასე საგულდაგულოდ ეწევა ხიდაშელიც და "სამოცი წუთიც", სწორედ ამ ცისტერნების გამოა, სხვანაირად მათ ვერ გაიტანდნენ ქარხნიდან. რა გულღრძო და გულბოროტი უნდა იყო ადამიანი, რომ ამის გამო იძახდე - თემურ ლენგი და აღა-მაჰმად-ხანი ვერ გააკეთებდა ამასო... მით უმეტეს, რომ ცისტერნების გატანა მაინცდამაინც დიდი დანაკლისი არ იყო ქარხნისათვის, რადგან 11 მილიონი ლიტრი ღვინის ჭურჭელია კიდევ დატოვებული და ღმერთმა ინებოს საქმიანობის იმგვარად წარმართვა, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ჭურჭლის გავსება. ისიც აღსანიშნავია, რომ გატანილია ისეთი ცისტერნები - რკინის ცისტერნები ძირითადად, რომლებიც მეღვინეობაში პრაქტიკულად აღარ გამოიყენება. გამონგრეული კედლები კი კიდევაც უნდა გადიდდეს, რადგან გატანილი ცისტერნების ნაცვლად ცისტერნებზე ბევრად დიდი მანქანები უნდა შეიტანონ აქ და მოაწყონ მზა პროდუქციის საწყობი. თემურ ლენგიც, შაჰ-აბასიც და მურვანყრუც, ძალიან დიდი ყრუ და ბრმაც ის არის, ვინც ვერ ხედავს საქმის ნამდვილ არსს და ვიღაცის დაკრულ უნიჭო შიქასტაზე დავლურს ცეკვავს.

რაც შეეხაბა "კვირაიას მეექვსე რაუნდს"! მანამდე კვირაიას ხუთი რაუნდი მოეწყო, მეექვსე - თელავში. სწორედ ქალბატონმა მედეა მეზვრიშვილმა ატეხა ამ რაუნდის გამო განგაში, ისე როგორც მხედრიონის თარეშის ასალაგმავად. სწორედ მედეა მეზვრიშვილის გაბედული, ყველასა და ყველაფრისადმი სიმართლის თქმის დიდმა ნიჭმა იხსნა ქვეყანა მეშვიდე, მერვე და ვინ იცის კიდე, მერამდენე ასეთი რაუნდებისაგან. პირველივე რაუნდების გამო რომ ქალბატონ მედეასავით შემოეკრათ განგაშის ზარები, მაშინ ხომ მეექვსეც არ შედგებოდა. დასანანია, გულსატკენია, რომ ეს ვერ დაინახეს ვერც რუსთავორელებმა, ვერც ხიდაშელების ოჯახმა და ვერც დეპუტატმა კემულარიამ.

სამოცწუთელების, კემულარიას და ხიდაშელის ჩვენ აღარაფერი გვიკვირს, გასაკვირი მხოლოდ თინა ლეკვეიშვილის გამოსვლა იყო. სახელოვანი სპორტსმენი ქალბატონი, კარგი ექიმი და მოქალაქე თელაველებს საპატიო რძლად და თანაქალაქელად მიაჩნდათ და არავინ ელოდა მისგან ასეთ უპასუხისმგებლო საუბარს, უსაფუძვლო ბრალდებას. მაგრამ ჩვენ მაინც ვპატიობთ ამ დარბაისელ ქალბატონს ქმრის ინტერესებიდან გამომდინარე თუ შესცოდა ღმერთს. ბოლოს წინა სიცრუესაც განვმარტავთ და შემდეგ ერთი სათხოვარი გვექნება სამოცწუთელებთან: ეს სიცრუე ჰესის მშენებლობისათვის ღვინის გატანას ეხება, ეს საქმეც იმ დროისათვის ყველა კანონმდებლობის დაცვითაა გაკეთებული. ჰესი შენდებოდა რაიონის რამდენიმე ღვინის ქარხნის წილობრივი მონაწილეობით და ღვინომასალების გატანა ამ პროექტის მიხედვით ხდებოდა მონაწილე ქარხნებიდან. ხიდაშელის საჩივრების საფუძველზე ეს საკითხიც არაერთგზის გადაამოწმა ადმინისტრაციულმა თუ მაკონტროლებელმა ორგანოებმა და არავითარი კანონდარღვევა არ დაუფიქსირებია. დღეს თუ ჰესი არ არის აშენებული, ეს იმის ბრალია, რომ ვეღარ გამოძებნა ვერც ინვესტორი და ვერც ინვესტიცია.

ბოლო ტყუილის განმარტება თხოვნით უნდა დავამთავროთ. კახეთის ადმინისტრაცია იმავე სოფელში წინანდლის დაშლილი ქარხნით თვითონ იშენებენ ქარხნებსო. თქვენს გადაცემაში სულ ტყუილები იყო და ეჭვი კი გვეპარება, მაგრამ მაინც დიდი სურვილი გვაქვს, იქნებ ეს ბოლო ტყუილი მაინც გამართლდეს და ვიპოვოთ წინანდალში ქარხნები, რომლებიც კახეთის ადმინისტრაციას ეკუთვნის. თუ გვაპოვნინებთ, სამოცწუთელებო, გწამდეთ, კახურ ნაღდ, ალალ სიტყვას გაძლევთ, წილში გაგიყვანთ ძმურად!

წერილი კი გვინდა დავამთავროთ წინანდალზე - ქართული ღვინის საგანძურის შესახებ კიდევ ორიოდ სიტყვით: ჯერ კიდევ საბჭოურ პერიოდში ღვინის ქარხნის დირექტორად მეღვინეს ისე არ დანიშნავდნენ, თუ წინანდლის ღვინის ქარხანაში არ ჰქონდა პრაქტიკა გავლილი ან ცოტა ხანს მაინც არ იყო იქ ნამუშევარი. ტრადიციულად ქართველი კაცისათვის ღვინო და ვაზი ასოცირდება წინანდლის ღვინის ქარხანასთან. დღეს უკვე აღარ დაობენ იმაზე, რომ მთელ მსოფლიოში კლასიკური მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოდან დაიწყო, საქართველოში კი მისი აკვანი წინანდალში დაირწა. ალბათ, საქართველოში ვერ დაასახალებთ მეორე სოფელს, ამდენი სტუმარისა თუ გამოჩენილი ადამიანისათვის რომ ემასპინძლოს. წმინდა მეღვინეობის კუთხითაც წინანდალს სულ სხვა მუხტი აქვს. ღვინის საცავებში აქ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ - ღვინო მუშაობს და ხელი შეეშლებაო. აქ ოჯახური თაობები სცვლიან ერთმანეთს და ასე გრძელდება დიდი, ლამაზი ტრადიცია. ამ ტრადიციას აგრძელებს ქარხნის დღევანდელი გენერალური დირექტორი პაატა გიორგობიანი. 30 წელია გიორგობიანების ოჯახი მუშაობს აქ. ჯერ მამა შოთა გიორგობიანი, შემდეგ შვილი პაატა გიორგობიანი, რომელმაც მეღვინე - ბრიგადირიდან გენერალურ დირექტორამდე გზა გაიარა. ასეთი ტრადიციული გამგრძელებლები არიან თავიანთი მამების და პაპების საქმისა გენადი ქუმსიაშვილი, გოგა დაქიშვილი, სიმონ მეგუთნიშვილი, გოგი ბატიაშვილი, შოთა აჩუაშვილი.

ქარხანამ უკვე შეძლო მოეზიდა 300 ათასი ლარის ინვესტიცია ამერიკელებისაგან, მოსკოვში, ძველ არბატზე, საქართველოს კულტურულ წარმომადგენლობა "მზიურში" ქართულ სტილში მოეწყო და მოქმედებს მაღაზია სამზარეულოთი "წინანდლის ღვინის სარდაფი". დიდი სამუშაოები ჩატარდა თელიანის ქარხანაში, ენოთეკა გადავიდა ახალ განყოფილებაში და გაკეთდა მისი სრული ქიმიური ანალიზი. მიმდინარეობს დიდი სამუშაოები ინგლისელებთან და რუსებთან ინვესტიციების თაობაზე. მართალია, ჯერჯერობით ქარხანა ვერ გაუწევს კონკურენციას ფრანგული, ჰოლანდიური, რუსული ინვესტიციებით ზურგმაგარ კერძო ღვინის ქარხნებს, მაგრამ ეს სულ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს ქარხანა გაყიდულიყო ან გაიყიდოს. ეს ქარხანა თავისი შემოგარენით ძეგლია, ნამდვილი ძეგლი და ძეგლადაც დარჩება. ასეთია ხალხის ნება!

დასანანია, რომ ზოგი ვერ ითავისებს ამას და პერმანენტული საჩივრებით, ფარული თუ ღია კამერებით მუდმივ დაძაბულ ვითარებას უქმნის დიდი ტრადიციების ახალ სიმაღლეებზე აყვანისათვის მოწოდებულ კოლექტივს.

"ვინ არის თავდები, რომ ხვალ ამისთანა დღე თქვენც არ მოგაყენოთ ერთმა თავზეხელაღებულმა მაჩანჩალამ იმ ერთი გაზეთისა თუ ჟურნალისამ, რომელსაც წმინდა სახელი და დანიშნულება პრესისა მჩვრად უქცევია. ცილისწამების საგნად გაუხდია და დიდი მოძღვრება ადამიანის ხელშეუხებლობისა მარტო თავის სახეიროდ, თავის საფარველად გარდაუქმნია!" - დიდი ილიას ეს შეგონებაც გაიხსენეთ, სამოცწუთელებო და ისიც გაითვალისწინეთ, რომ საზოგადობას მარტო მურვანყრუები, თემურ ლენგები და შაჰ-აბაზები კი არ აწიოკებდნენ, არამედ გაუგონარ სიცრუეზე აგებული და სასოწარკვეთილებამდე ადამიანის მიმყვანი ტელევიზიებიც კლავენ მას სულიერად და არც თუ იშვიათად ფიზიკურადაც.

გახსოვდეთ და გაუფრთხილდით ადამიანის ღირსებას.

თელავის რაიონის გამგეობის პრესცენტრი



კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი