სასტიკი უარი მტკიცა ამ ხნის მეგობარს - არავითარი საუბარი არ გვინდა, საერთოდ, არ არის საჭირო საიუბილეო წერილის დაბეჭდვაო... მერე შემატყო, რომ ვიწყინე: კაი, კაი, ბიჭებს "რუსთავის" ბოლოდროინდელი გასტროლების შესახებ მასალებს გამოვატან და, დანარჩენი შენ ყველაფერი იცი ჩემზეო...
რა ვქნა ძმაო, ანზორ, მთელმა საქართველომ იცის შენი საქმიანობის სიდიდე, იცის ყველა სიკეთისა და აღმატებული სიყვარულის ღირსი რომ ხარ და შენი დაბადების 70 წლისთავი, დიდოსტატის მართლაც წიფობისთვე, ისე რომ "გაგვეშვა", ბოლოსდაბოლოს, მკითხველი რას გვეტყოდა...
ჰოდა, ახლა მე მაცალე...
საუკუნეებიდან მოდის ერქომაიშვილთა სასიმღერო გენი, თაობიდან თაობას გადაეცემა "ხმა ბულბულისა". იყო გიორგი, იყო ივანე, იყვნენ გიგო, არტემი, დავითი... და ჰა, მუსიკალური ტრადიციების მატარებელი მეექვსე თაობა - ჩვენი ანზორ ერქომაიშვილი...
იგი ბედნიერი კაცია, თუ ბედნიერება ჰქვია სასურველი საქმის ფანატიკურ მსახურებას, მაშინ იგი მართლაც ბედნიერი კაცია.
ბაბუის - ლეგენდარული არტემ ერქომაიშვილის რჩევა
- ჩვენ პროფესიული მუსიკალური განათლება ვერ მივიღეთ, ვინაიდან მაშინ სხვა დრო იყო და ამის საშუალება არ გაგვაჩნდა. ახლა, ბაბუ, მომღერლების ძველი თაობა წავიდა, ჩვენც თანდათან მივდივართ. ამ სიმღერებს შენახვა უნდა, პატრონი უნდა, ახალგაზრდობას ეს ნაკლებად აინტერესებს, ჩვენი სასიქადულო მომღერლები და გურული საგალობლების იშვიათი და უკანასკნელი მცოდნენი ვარლამ სიმონიშვილი და დიმიტრი პატარავაც წავიდნენ ჩვენგან და ამჟამად მხოლოდ მე დამრჩა ეს განძი, რომელიც არც ფულით იყიდება და არც ოქროთი აიწონება. ამ განძის ფასს შენ ჯერ ვერ გაიგებ. ეს არის განძი, რომლის ბადალი მსოფლიოში არ მოიპოვება. მე რომ რაიმე შემემთხვას, ისეთი საუნჯე წამყვება თან, რომლის დაკარგვას ერი არ გვაპატიებს, რომელსაც ვერავინ ვეღარ აღადგენს და ამ ცოდვის სიმძიმე მე და შენ დაგვაწვება კისრად. იცოდე, ეგ მარტო შენი და ჩემი საქმე არ არის. ეგ საერთო საქმეა. შენ სისხლში გაქვს გურული ხალხური სიმღერა გამჯდარი და ამიტომ ყველაზე მეტად შენ შეგიძლია ამ საქმის გაკეთება, თუ მუსიკალურ განათლებას მიიღებ...
7 7 7
მართლაც, ანზორი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შედის და უკვე სტუდენტს ზაფხულობით სოფელში, ბაბუის წყალობით ნოტებზე გადააქვს ათობით გურული საგალობელი და დაკარგული სიმღერა. ჩვენი ეროვნული განძის სიყვარულით, წინაპრის რჩევა-დარიგებით, პედაგოგის - პროფესორ შალვა ასლანიშვილის წაქეზებით ანზორ ერქომაიშვილმა ეროვნული მისია იკისრა - ძველი ფირფიტების აღდგენა გადაწყვიტა. ეს იყო ურთულესი საქმე, თანაც, ანსამბლი "გორდელა", მოგვიანებით, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელობა, მოგზაურობა, გასტროლები...
საჭირო გახდა ამ უნიკალური ფირფიტების მოძიება ოჯახებში, არქივებში, მუზეუმებში, მომღერალთა ბიოგრაფიების დაზუსტება მათი შთამომავლების დახმარებით, ფირფიტაზე ჩაწერილი სიმღერების გაშიფვრა და სანოტო ფურცლებზე გადატანა, შემსრულებელთა გვარების აღნიშვნა ხმების მიხედვით, ფირფიტების აღდგენა თანამედროვე ტექნიკით და მათი ხელახალი გამოცემა თანდართული ნოტებით...
"რუსთავის" გასტროლების დროს თუ სპეციალური მივლინებებით ანზორი აკითხავდა მოსკოველ, ლენინგრადელ, კიეველ, ლვოველ, რიგელ, ოდესელ კოლექციონერებს, ამ ქალაქებში ძველად უცხოური ფირმები იწერდნენ ხოლმე ფირფიტებს... აქაური არქივებიდან ომის დროს რევოლუციამდელი ჩანაწერები მოსკოვის აპრელევის ქარხანაში გადაეგზავნათ... ამ ქარხანაში აღმოჩნდა უამრავი მატრიცა, რომლებიც 1907-1915 წლებით თარიღდება...
ანზორ ერქომაიშვილის დიდი შრომისა და გულმოდგინების წყალობით, 1986 წელს ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო ფასდაუდებელი საჩუქარი - 1907-1914 წლების ჩანაწერების ანთოლოგია, რომელიც დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ალბათ "ვეფხისტყაოსნის" გვერდით ძევს. რაღა თქმა უნდა, იქვეა "რუსთავის" მიერ შესრულებული 60 ხალხური სიმღერაც, რომელიც 1981 წელს გამოვიდა, ხოლო თაროს თანდათან ემატება 30-იანი წლების უნიკალური ჩანაწერების ფირფიტები - ვანო მჭედლიშვილის, ვლადიმერ ბერძენიშვილის, ნოკო ხურციას და სხვათა განუმეორებელი ხმებით. მისგან ნაჩუქარ ამ განძს მე ექსპრომტად მივაწერე: "ეს ფირფიტა შენი ნაჩუქარია, ეს კასეტაც შენი ნაჩუქარია, აქ "რუსთავი" აგრიალებს "ჩაკრულოს", აქ წინაპრის სულის ნაშუქარია"...
- დიდი კაცია ანზორი, - მეუბნება ჩვენი ძვირფასი მერაბ ბერძენიშვილი, - მე იგი მაგონებს იმ თავდადებულ ქართველებს, მისხალ-მისხალ რომ აგროვებდნენ ყოველ წვრილმანს, რაც ერს სასიკეთოდ შეემატებოდა. მახსენდება: ერთხელ აკადემიკოსმა შალვა ამირანაშვილმა მიამბო, თუ როგორ აგროვებდნენ ისა და მისი მეგობრები მოტაცებულ და დაკარგულ უძველეს ხატებს მთელ საქართველოში, დღეს ჩვენი მუზეუმის საცავებში უძვირფასესი ხატები რომ გვეამაყება, ბევრი სწორედ მათი შეგროვილია... ასე მოიძია ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენი დაკარგული სიმღერები, გაგვახსენა, რა საგანძური გვქონია, და იმის საშუალებაც მოგვცა, ვისაც სურვილი აქვს, მომავალ თაობებს ასწავლოს ეს სიმღერები"...
მომავალი თაობაო?!.
კარგად ვიცით, როგორ უვლიდა და როგორ უვლის ანსამბლ "მართვეს" ანზორ ერქომაიშვილი, როგორ ცდილობს დღევანდელი როკ-მუსიკის გრიალში უფრო მეტად და მეტად, მარგალიტივით გამოირჩეს წკრიალა ხმებით შესრულებული "ქართველო ხელი ხმალს იკარ", "ჩაკრულო", "წინწყარო" და "მრავალჟამიერი"... რამეთუ მიაჩნია: მხოლოდ ეს გადაარჩენს ჩვენს საგანძურს, ბავშვთა ანსამბლების სიმრავლე გადაარჩენს...
ცალკე საუბრის თემაა სახელგანთქმული ანსამბლი "რუსთავი", რომელიც უკვე ორმოცი წლისაა და თუ განსაკუთრებულია მისი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე, ამაში, რაღა თქმა უნდა, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის "ლომის წილია".
როგორც დამპირდა, მართლაც გამომიგზავნა "რუსთავის" გერმანიაში შარშანდელი გასტროლების აღმნუსხველი მასალები, უცხოური გაზეთების ქართული ფრაგმენტები, რაც ანსამბლის შესანიშნავმა მომღერლებმა დათო გველესიანმა და გოგიტა ბუგიანაშვილმა შემოგვირბენინეს რედაქციაში. რომ ვთხოვე მათ, ორი სიტყვით მითხარით, ბიჭებო, რაიმე ანზორზე-მეთქი, იგი გრაალის მცველი, ანუ ქართული ხალხური მუსიკის მცველიაო, ანთებული თვალებით მითხრეს, - მთელი ანსამბლი უდიდეს პატივს სცემს და, თუნდაც ამიტომ ვართ ორმოცი წელიწადია მტკიცე და ერთიანიო...
ორი ამონარიდი გერმანული პრესიდან:
"შეუდარებელმა ქართულმა პოლიფონიამ არა ერთხელ დაიმსახურა ტაში. არაჩვეულებრივი ვოკალის მქონე მომღერლები ახდენენ ძლიერი, მაგრამ ამავე დროს გამჭვირვალე ჟღერადობისა და მუზიცირების ყოვლისმომცველი ხალისის დემონსტრირებას.
ტექსტისა და ფლეიტის (სალამურის) აკრობატიკა შემოგვთავაზეს მომღერლებმა მეორე განყოფილებაში და თავიანთი ლამის ამოუწურავი საშემსრულებლო ხელოვნებით დაამტკიცეს, რომ ისინი არა მარტო ძალზე ნიჭიერი მომღერლები, არამედ ასევე შესანიშნავი ინსტრუმენტალისტებიც არიან.
უმაღლესი ვირტუოზულობით უწევდა ანსამბლ "რუსთავის" კვარტეტი (ორი მედოლე, ორი აკორდეონისტი) თანხლებას ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს.
სუნთქვის შემკვრელი იყო როგორც დეტალებში, ასევე მთლიანად აღებული, მთელი ქორეოგრაფია (ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე) ოცზე მეტი მოცეკვავე ქალისა და მამაკაცის შესრულებით, რომლებიც ზუსტად, ერთმანეთთან შეთანხმებულად მოძრაობდნენ".
"ანსამბლი "რუსთავი" ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გუნდთაგანია, რომელიც დღემდე იცავს მრავალხმიანი სიმღერის ტრადიციას. სხვა სიმღერებთან ერთად უმაღლეს დონეზე შესრულდა საზეიმო სიმღერა "მრავალჟამიერი".
დამეთანხმებით, მთელი საქართველოს სათავანო კაცია ანზორი, თუმცა, რა გასაკვირია, გურულებს გამორჩეულად რომ უყვარდეთ თავისი კუთხის სახელოვანი შვილი.
მაშ, მოვუსმინოთ ცნობილ ისტორიკოსს, ქართული ფოლკლორის და განსაკუთრებით გურული სიმღერების ტრფიალს ბატონ დურმიშხან ცინცაძეს:
- "ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული ხალხური სიმღერის წინაშე ისეთივე დიდია და მნიშვნელოვანი, როგორც უკვდავი ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ქართული ისტორიული საგანძურის მოვლა-პატრონობისა და გადარჩენის საქმეში. იგი შეუდარებელი, ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილია. ხალხური მუსიკის მოვლა-პატრონობა მას შთამომავლობით ერგო, რაც მის წინაპრებს, ბაბუას, დედას და მამას გათავისებული ჰქონდათ...
სამაგალითოა ანზორ ერქომაიშვილის ურთიერთობა ქართულ ეკლესიასთან და ერის სულიერ მამასთან, უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია ||-სთან.
ანზორ ერქომაიშვილი ლამაზი ოჯახის პატრონია. ორთაჭალაში, აბანოთუბნის ახლოს მის საცხოვრებელ ბინაში, ფაქტობრივად ქართული ხალხური მუსიკის მუზეუმია. აქ თითქმის ყველა ქართული ხალხური საკრავი ინსტრუმენტია მოთავსებული, ზოგი მათგანი მემორიალურია და ისტორიული მნიშვნელობისაა. აქ მე რამდენჯერმე შევხვედრივარ იაპონელ, იუგოსლაველ, ფრანგ და შვედ სტუმრებს. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
მე ოჯახში სათუთად ვინახავ სიმღერების იშვიათ ჩანაწერს, რომელთაც ასრულებენ ანზორის დედა ქალბატონი ეთერი, მისი და ალდონა ერქომაიშვილი და თვითონ ანზორი. ამ ფირის დისკზე გადატანა და გავრცელება მართლაც რომ საშური საქმეა.
7 7 7
ჩვენი ანზორი ის კაცია, დაბადების 70 წლისთავზე აუცილებლად რომ მოინახულებს წინაპართა საფლავებს და თითქოს ანგარიშს ჩააბარებს თავის ლეგენდარულ ბაბუას არტემ ერქომაიშვილს, რომლის რჩევა-დარიგება გულის ფიცარზე დაიწერა შთამომავალმა - სამაგალითოდ უპატრონა ქართულ ფოლკლორს, ანუ თავისი მისია შეასრულა ერქომაიშვილთა მეექვსე თაობის ღირსეულმა წარმომადგენელმა.
...გაიხარე, ჩვენო ანზორ, შენი საქმის ჭეშმარიტად დიდოსტატო, ბარაქიანი წიფობისთვე გიდგას, ძმაო! მაშ, ჯანმრთელობა და კვლავაც მშობელი ქვეყნის ბარაქიანი სამსახური არ მოგაკლოს ღმერთმა!
















































































მთავარი
კონტაქტი
2010